English / ქართული / русский /
ნინო გომელაური
თვითმოვლითი ქცევა და ახალგაზრდების სოციალური უსაფრთხოება

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია ახალგაზრდების ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოების სოციალური უსაფრთხოების მაჩვენებელი. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, შემცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერი ფაქტორია.

საკვანძო სიტყვები: სოციალური ჯანმრთელობა, თვითმოვლითი ქცევა, სოციალური უსაფრთხოება, დემოგრაფიული კრიზისი.

შესავალი

საზოგადოების სოციალური პოტენციალი და მისი უსაფრთხოება განისაზღვრება უპირველეს ყოვლისა, მისი სოციალური ჯანმრთელობის დონით, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის. ახალგაზრდების ჯანმრთელობა ასახავს თანამედროვე და მომავალი საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე განიხილება, როგორც საზოგადოების სოციალური უსაფრთხოების მაჩვენებლი. უსაფრთხოების მოთხოვნილება დამახასიათებელია როგორც ცალკეული ინდივიდისთვის, ასევე ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. თანამედროვე საზოგადოებაში ეს მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება, ასახავს სოციალური რისკების გავრცელების პროცესს სხვადასხვა მიმართულებით. სოციალური უსაფრთხოება სოციალური სისტემის ფუნქციონირების საშუალებაა, უზრუნველყოფს საზოგადოების მთლიანობას, მდგრადობას და სიცოცხლისუნარიანობას. 

* * *

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ  და სოციალურ  რეფორმებში დაშვებულ შეცდომებს მოჰყვა  ქვეყანაში ცხოვრების დონის დაცემა და საზოგადოების სოციალური სტრუქტურის დეფორმაცია; საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში,  დევიციური ხასიათის  სოციალური და კულტურულ-მორალური  ქცევის გავრცელებამ ნეგატიური სოციალური შედეგები მოიტანა და მნიშვნელოვნად გააუარესა  მათი სოციალური ჯანმრთელობა.   მოსახლეობის საერთო დაავადებათა და მოკვდაობის ზრდის ფონზე სტაგნაციას განიცდის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლის მაჩვენებელმა 2016 წელს მამკაცებში  68,64, ხოლო ქალებში – 77,24 წელი შეადგინა [Tsuladze G. 2016: 264]. უფრო მეტიც, საგანგაშოა, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, მათ შორის არსებული მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობის არსებული სხვაობის მაღალი მაჩვენებელი (8-9 წელი), რაც შობადობის შემცირების, ემიგრაციის მაღალი დონის და სხვა სოციალურ-დემოგრაფიულ პრობლემებთან ერთად, აღრმავებს  დეპოპულაციის პროცესს. ყოველივე აღნიშნული, სხვა პრობლემებთან ერთად, კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყნის საერთო უსაფრთხოებაში არსებულ კრიზისს. ამ თვალსაზრისით ერთობ საგანგაშო ვითარებაა სოციალური ჯანმრთელობის მიმართულებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

სოციალური ჯანმრთელობა წარმოგვიდგება, როგორც ისტორიული და სოციოკულტურული ფაქტორებით განპირობებული კატეგორია. მას მნიშვნელოვნად განაპირობებს  „ცხოვრების ხარისხი" და „ცხოვრების წესი". ზოგიერთი მეცნიერი ცხოვრების მაღალი ხარისხის ძირითად მაჩვენებლებად მიიჩნევს იმ ინდიკატორთა ერთობლიობას, რომლებიც ასახავს ინდივიდის მდგომარეობას მოცემულ საზოგადებაში [Беляева Л. А. 2009: 36-37].

ცხოვრების წესი ასახავს კონკრეტულ ისტორიულ პირობებში საზოგადოებაში  ჩამოყალიბებული სოციალური ყოფის სპეციფიკური ფორმებისა და საშუალებების რეალიზაციას.

სოციალური ჯანმრთელობის ძირითად ელემენტს წარმოადგენს ინდივიდის ან ჯგუფის  თვითმოვლითი ქცევა. თვითმოვლითი ქცევის წესებისა და ნორმების, ქმედებებისა და ურთიერთობების დარღვევა გარდაიქმნება თვითგამანადგურებელ ქცევაში. თვითმოვლითი ქცევის საფუძველია ინდივიდის დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი და ყალიბდება მისი სოციალიზაციის პროცესში. ოჯახი და სკოლა, თვითაღზრდასთან ერთად  სოციალიზაციის ძირითადი აგენტებია  თვითმოვლითი ქცევის კულტურის ფორმირების გზაზე, რამდენადაც ინდივიდის დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობისადმი, ფიზიკური შესაძლებლობებისა და უნარებისადმი წარმოადგენს აღზრდის ინტეგრირებულ შედეგს,

ახალგაზრდების ჯანმრთელობას და ჯანმრთელობის გაუმჯობესების შესაძლებლობებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთელ მსოფლიოში, რაც იმითაა განპირობებული, რომ ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევების 2/3 და მოზრდილი ადამიანების საერთო ავადობის ტვირთის 1/3 უკავშირდება ცხოვრების პირობებს და ქცევის ნორმებს, რომლებიც სწორედ ახალგაზრდა ასაკში ყალიბდება [მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში 2015: 4]. გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე აღიარებულ იქნა მოზარდთა და ახალგაზრდათა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში  ეროვნული სტრატეგიების და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების აუცილებლობა შესაბამისი მიზნების და ინდიკატორების განსაზღვრით. ასამბლეის ანგარიშის მიხედვით, უპირატესად ყურადღება უნდა მიექცეს მოზარდთა ჯანმრთელობის დაცვას, მათი უფლებების დაცვას, სოციუმში სწორად ადაპტირებას და ა.შ. ჯანმრთელი ახალგაზრდა უკეთ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას, უნარ-ჩვევების სრულყოფილად გამოყენებას [Improving young people’s health and wellbeing.,  2014: 7].

საქართველოს მოსახლეობის 1/5-ზე მეტს (22.5%) 15-29 წლის ახალგაზრდები წარმოდგენენ 20-24 (8.1%) და 25-29 (8.0%) წლის ასაკობრივი ჯგუფების ახალგაზრდების წილი მთლიან მოსახლეობაში თითქმის თანაბარია, ხოლო 15-19 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების რაოდენობა შედარებით მცირეა (6,3%). საქართველოში ყოველწლიურად მატულობს სტუდენტთა რაოდენობა. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოში სწავლობს 140300 სტუდენტი, რაც მთელი მოსახლეობის 3.8%-ია [www.geostat.ge]. აქედან გამოდინარე, სტუდენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახალგაზრდების ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდობისა და ახალგაზრდობის პერიოდი ცხოვრების ჯანსაღ პერიოდს მიეკუთვნება, რამდენიმე მნიშვნელოვანი დაავადება თუ ჯანმრთელობის პრობლემა/მდგომარეობა სწორედ ამ წლების განმავლობაში იქნება. ეს პრობლემები შეიძლება შემდეგ ჯგუფებად დაიყოს:ნაადრევი და დაუგეგმავი ორსულობა;სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;აივ ინფექცია; ფსიქიკური პრობლემები; ავტო-საგზაო შემთხვევები; თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარება; ძალადობა/თვითმკვლელობა; წამალდამოკიდებულება; კვება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებებით, 2012 წელს მსოფლიოში 1,3 მილიონი მოზარდი გარდაიცვალა, მათ შორის 2/3 - პრევენტაბელური მიზეზებით. შემთხვევათა 97% დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიშის _ „მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში" (2015) _ მიხედვით, ახალგაზრდების ავადობის და სიკვდილიანობის მიზეზთა უმეტესობა ძირითადად პრევენტაბელურია. ჯანმოს უახლესი მონაცემებით, ახალგაზრდების სიკვდილიანობის მიზეზებია: საგზაო ტრავმატიზმი, აივ ინფექცია, თვითმკვლელობა, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და ძალადობა.

ქვეყნის ერთ-ერთ პრობლემას აბორტი წარმოადგენს, რომელთა ლეგალური რაოდენობა 1989-2015 წლებში 68883-დან 32429-მდე შემცირდა, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს მაჩვენებელი არაზუსტია, რამდენადაც საკმაოდ მაღალია არალეგალურ აბორტთა რაოდენობა და 2015 წლის შეფასებით მათი რეალური რაოდენობა 70 ათასს აჭარბებს.

ცხრილი 1

ლეგალური აბორტები ახალგაზრდა ქალთა ასაკის მიხედვით

(1000 ქალზე) 2000-2015 წწ.

წლები

ასაკობრივი ჯგუფი

-15

15-19

20-24

25-29

2000

0,0

5,1

24,1

27,0

2005

0,0

7,4

33,0

48,0

2010

0,1

11,5

38,2

45,5

2015

0,1

11,9

49,2

66,9

წყარო:  G. Tsuladze. Demographic yearbook of Georgia 2015. Tbilisi, 2016. 

როგორც ცხრილი 1 გვიჩვენებს, 2000-2015 წლებში ლეგალური აბორტები ყველა ასაკობრივ ჯგუფში გაიზარდა, განსაკუთრებით საგანგაშოა 15 წლამდე და 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში ლეგალური აბორტების ზრდა, რაც, უკეთეს შემთხვევაში, ქალის უნაყოფობას იწვევს, ხოლო უარეს შემთხვევაში, ქალის გარდაცვალებით შეიძლება დასრულდეს.  გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეპროდუქციულ და კონტრაცეფციულ ქცევათა ერთობლიობა, სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა ფაქტორებთან ერთად, საბოლოოდ ჯამში განაპირობებს ოჯახში შვილიანობის დონეს, რაც საქართველოში მოსახლეობის მარტივი აღწარმოების მაჩვენებელზე დაბალია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ასამაღლებელია ახალგაზრდა ქალთა კონტრაცეფციული ქცევის განათლების დონე, რაზედაც დღეს პრაქტიკულად ნაკლებად ზრუნავენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა ნარკომანიის ზრდა ახალგაზრდებში. ექსპერტების ვარაუდით, 250 ათასი ნარკოტიკისა და 50 ათასი მუდმივი, ანუ ინტრავენური მომხმარებელია აღრიცხვაზე. მათგან უმრავლესობა ახალგაზრდობაა. ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა არსებობს, მათ შორის „მეტადონით" ნარკოტიკების შეცვლის მეთოდი. ამ პროგრამაში ნარკომანთა 11.5% ირიცხება. პროგრამით შეიძლება ისარგებლონ ნარკომანებმა, რომლებიც დამოკიდებულების მოცილებას პირველად ცდილობენ, აივ-ინფიცირებულებმა, 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებმა და სოციალურად დაუცველებმა. ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სულ საქართველოში ნარკოდამოკიდებულებისგან 2.2 ათასი ადამიანი მკურნალობს, მათგან 95 პატიმარია.

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს მიეკუთვნება,  თუმცა უკანასკნელ წლებში საქართველოში აივ‐ინფექციის ინციდენტობის მაჩვენებელი მზარდი დინამიკით ხასიათდება. 2015 წელს გამოვლინდა აი‐ინფექციის სიცოცხლეში პირველად დადგენილი 717 შემთხვევა და შიდსით გარდაცვალების 94 შემთხვევა. 15-24 წლის მოსახლეობაში აღირიცხა აივინფექციის 81 ახალი შემთხვევა (ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 შესაბამისი ასაკის კაცზე – 16,9), რაც საერთო რაოდენობის 11.3%-ს შეადგენს.

საქართველოში თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვადასხვა საბაზისო გამოკვლევის მონაცემებით, სადღეისოდ თამბაქოს ეწევა ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 37-40%. მამაკაცებს შორის მწეველია 50-65%, ხოლო ქალებს შორის _ 16-22%. ძალზე საყურადღებოა მდგომარეობა მოზარდებს შორის. სკოლის მოსწავლეების 22.1% მწეველია, ხოლო ქალებს შორის მწეველობის პროგრესი კატასტროფულია – იგი ბოლო 16 წლის განმავლობაში თითქმის 6-ჯერ გაიზარდა (მათ შორის, გახშირდა თამბაქოს მოხმარება ორსულებშიც). სავარაუდოდ, ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სხვაობა თანდათან შემცირდება, რადგან მწეველი გოგონების რაოდენობა იზრდება, რაც მათი მომავალი რეპროდუქციული ქცევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ახალშობილების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორია.

ზემოაღნიშნულის შემდეგ გასაკვირი არ უნდა იყოს ქალთა, განსაკუთრებით მამაკაცთა დაბადებისას სიცოცხლის ხანგრძლივობის დაბალი დონე (2015 წლის შეფასებითი მაჩვენებლით) შესაბამისად 76,30 და 67,41 წელი. დამაფიქრებელია მათ შორის საკმაოდ სოლიდური სხვაობა 8მ89 წელი, რაც ჩვილ ვაჟთა მოკვდაობის მაღალ დონეზე მიუთითებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა 2016 წელს თბილისში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაატარა სტუდენტთა სოციოლოგიური გამოკვლევა „თვითმოვლითი ქცევა და სიცოცხლის ხანგრძლივობა", სადაც გამოკითხულ იქნა 1118 სტუდენტი. მწეველია გამოკითხულ ვაჟ რესპონდენტთა 42%, ხოლო გოგონა _ 18%.

თვითმოვლით ქცევაზე ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სტუდენტები სამედიცინო მომსახურებით ვერ სარგებლობენ შემდეგი მიზეზების გამო: მათი 2.6% ვერ იხდის სამედიცინო მომსახურების გადასახადს, 4.8%-თვის სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, 1.0% დროის არქონის მიზეზით, 31.4% სამედიცინი დაწესებულებში მომსახურებისთვის დიდხანს ლოდინის გამო. ეს მიზეზები ერთი შეხედვით თითქოს არსებითი არ არის, მაგრამ ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთობ მნიშვნელოვანია.

გამოკითხულ სტუდენტთა 44.5% თავის ჯანმრთელობას აფასებს კარგად, 47.5% დამაკმაყოფილებლად და მხოლოდ 5.7% აფასებს ცუდად. გამოკვლევამ აჩვენა სტუდენტთა არასერიოზული დამოკიდებულება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. მათი 29.7% ეწევა, 9.8% ალკოჰოლს ღებულობს კვირაში რამდენჯერმე ან ყოველდღე, 10.6% არ ეწევა ფიზიკურ აქტივობას, 22.8% არ ყოფილა ექიმთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ზემოთ მოყვანილი სოციოლოგიური გამოკვლევის ზოგიერთი შედეგი პროფესორ ა. სულაბერიძის მიერ  შედარებულ იქნა  ევროპის 20 ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, რომელთა რანჟირება მოყვანილია  ცხრილში 2. რანჟირება დალაგებულია უმცირესი მაჩვენებლიდან სიდიდის მიხედვით. როგორც ცხრილიდან ირკვევა, საქართველოში სიგარეტის მწეველთა მაჩვენებელი აღემატება 9 ქვეყნის მაჩვენებელს და რანჟირებით მეთერთმეტე ადგილზეა. არასასიამოვნოა, რომ კვირაში ერთხელ ან ყოველდღე ალკოჰოლის მიღების მაჩვენებელი ევროპის 20 ქვეყანას შორის ყველაზე მაღალია და რანჟირების მიხედვით პირველ ადგილზეა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სლოვენიის მაჩენებელი 0,0%. ჩვენ ვერ შევიტანთ ეჭვს გამოკვლევის ჩამტარებელთა კვალიფიკაციაში და, ვფიქრობთ, რომ იგი პასუხთა გაბნევაში არსებული სიმცირის შედეგია. გასაკვირია საქართველოსთან შედარებით რუსეთის, ლიტვის, ბულგარეთის და ზოგიერთი იმ ქვეყნის დაბალი მაჩვენებელიც, რომლებიც ალკოჰოლის მოხმარების მაღალი დონით ხასიათდებიან. მოყვანილი მონაცემებიდან ევროპის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე საუკეთესოა ჯანმრთელობის თვითშეფასების მაჩვენებელი, რაც სასიამოვნო სიურპრიზია და რომლის რანჟირებით პირველ ადგილზე ვართ. ყველა მაჩვენებლის შეფასების რანჟირებათა ჯამის მიხედვით საქართველო ევროპის 20 ქვეყანას შორის მე-17 ადგილზეა და მხოლოდ ლიტვაზე და რუსეთზე უკეთესი რანჟირების ჯამური მაჩვენებელი გააჩნია [სულაბერიძე ა., 2017: 38]. 

ცხრილი 2

18-29 წლის ახალგაზრდების თვითმოვლითი ქცევა ზოგიერთი პარამეტრით საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში 2016 წელს

წყარო: Николаюк Е. Роль поведенческого фактора в здоровье молодежи. Демографический журнал. №5, 2017; დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის 2016 წლის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. 

ამ თვალსაზრისით ინტერესმოკლებული არ იქნება განვიხილოთ ახალგაზრდა მამაკაცთა და ქალთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა მიღწეული ასაკის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, 2000-2015 წლებში გარკვეული ცვლილებებით ხასიათდებოდა. შეფასებითი მონაცემებით, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას, 2006 წელს 2001 წელთან შედარებით, მამაკაცებისათვის 1 წლით შემცირდა, ხოლო ქალებისათვის 0,5 წლით გაიზარდა.

დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის 2001-2006 წლებში მიმდინარე ცვლილებების შედარება წინა წელთან, გვიჩვენებს, რომ მამაკაცებისათვის მნიშვნელოვან კლებას ჰქონდა ადგილი 2004 წელს, ხოლო ქალების შემთხვევაში – 2003 წელს. 2006 წელს, 2005 წელთან შედარებით, მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისას შემცირდა 0,2 წლით, ხოლო ქალების შემთხვევაში გაიზარდა 0,9.

ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული განსხვავება შეფასებითი მონაცემებით 2001 წელს იყო 6,95 წელი, ხოლო 2006 წელს – 8,42 წელი. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის თვალსაზრისით ადგილი ჰქონდა ორ პროცესს. 2006 წელს 2001 წელთან შედარებით ნახევარი წლით გაიზარდა ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. იმავე დროს ერთი წლით შემცირდა მამაკაცების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. ამდენად, დადებით მოვლენასთან (ქალების შემთხვევაში) ერთად ადგილი ჰქონდა უარყოფით მოვლენასაც (მამაკაცების შემთხვევაში).

როგორც ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა 1-დან ჩანს, 2000-2015 წწ. 1 წლამდე ასაკის ბიჭების მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისას არ შეცვლილა და იმავე (67 წლის) დონეზე დარჩა, მაშინ როდესაც ამავე ასაკის გოგონათა მაჩვენებელი თითქმის 2 წლით (1,9 წელი) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ქალთა მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა მიღწეული ასაკის მიხედვით 2000 წელთან შედარებით 2015 წელს ყველა ასაკობრივ ჯგუფში აღემატება მამაკაცთა ანალოგიურ მაჩვენებლებს, რასაც მამაკაცთა და ქალთა მოკვდაობის ასაკობრივ მაჩვენებელთა დონეში არსებული სხვაობა განსაზღრავს. შეიძლება ქალთა სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა პოზიტიურად  მივიჩნიოთ, ხოლო მამაკაცთა, როგორც საერთო, ასევე ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება _ ნეგატიურად. ასევე ნეგატიურია 5 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მიღწეული წლების შემდეგ მოსალოდნელ  სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობა ქალების სასარგებლოდ. 1-30 წლის მამაკაცთა და ქალთა შორის მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობაში არსებული სხვაობა ცალკეული ასაკების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: 10 წლის ასაკში 2015 წელს სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაში სხვაობა ქალების სასარგებლოდ შეადგენს – 8,84 წელს, 20 წლის ასაკში – 8,65 წელს, ხოლო 30 წლის ასაკში – 8,21 წელს.

ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში რესპონდენტებმა სიცოცხლის იდეალურ ხანგრძლივობად დაასახელეს 84,8 წელი. მამაკაც რესპონდენტებში სიცოცხლის იდეალური ხანგრძლივობა 3,3 წლით მაღალია ქალებთან შედარებით.

სიცოცხლის სასურველი წლების რაოდენობა ყველაზე ახლოს ახასიათებს ინდივიდუალურ მოთხოვნილებას სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და გამოხატავს პიროვნულ უპირატესობას. სიცოცხლის სასურველი ხანგრძლივობის შესასწავლად რესპონდენტებს დავუსვით შეკითხვა – „სულ რამდენი წელი გსურთ, რომ იცოცხლოთ?" რესპონდენტებთან სიცოცხლის სასურველმა რაოდენობამ საშუალოდ 83,2 წელი შეადგინა. მამაკაცებთან სიცოცხლის სასურველი წლების ხანგრძლივობა 1,4-ით აღემატება ქალებისათვის სასურველს. რესპონდენტთათვის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა საშუალოდ 78,3 წელია. მამაკაცებში 1,9 წლით მაღალია ვიდრე ქალებში.

დიაგრამა 1. მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა

დაბადებისას 1 წლამდე ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში მიღწეული ასაკის შესაბამისად 5 წლიანი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2000-2015 წწ.

წყარო: G. Tsuladze. Demographic yearbook of Georgia 2015. Tbilisi, 2016 

კვლევით დადგინდა, რომ მომავლისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულება და ხანგრძლივ სიცოცხლეზე მოთხოვნილება უფრო მეტად აქვთ "კარგი" ჯანმრთელობის სტუდენტებს, ვიდრე დანარჩენ რესპონდენტებს.

ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა გამოსაკითხ კითხვარში ჩადებული სიცოცხლის ხანგრძლივობის ტესტის და თავად რესპონდენტთა შეფასებების, მათ ჯანმრთელობაზე ოჯახში და ოჯახის გარეთ ურთიერთობების გავლენის კოლერაციამ გვიჩვენა, რომ ოჯახური და ოჯახის გარეთ არსებული ურთიერთობები, მამაკაც რესპონდენტებზე დადებითად მოქმედების შემთხვევაში, მათ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას ზრდის. ყველა სხვა შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მათი გავლენა უარყოფითად აისახება. ქალ რესპონდენტებთან ყველა შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ოჯახის შიგნით და გარეთ არსებული ურთიერთობები უარყოფითად აისახება. 

ცხრილი 3

სოცოცხლის ხანგრძლივობაზე შიდ აოჯახური და

ოჯახს გარე ურთიერთობების გავლენა (საშუალო)

 

ოჯახში ურთიერთობები

ოჯახის გარეთ ურთიერთობები

იუმჯობესებს

აუარესებს

არ მოქმედებს

არ არის მითითებული

დადებითად

დამაკმაყოფილებლად

ცუდად

არ მოქმედებს

არ არის მითითებული

მამაკაცი

69.8

61.5

64.9

62.9

70.2

66.2

62.9

65.6

67.6

ქალი

75.8

73.2

74.7

74.9

76.1

75.3

73.9

74.2

75.1

წყარო: დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის 2016 წლის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. 

აღსანიშნავია, რომ სტუდენტთა სულიერ ფასეულობათა სტრუქტურაში პრიორიტეტული ადგილი უკავია ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა: ოჯახი, სიყვარული, მეგობრობა. კითხვაზე _ როგორ მოქმედებს ჯანმრთელობაზე ურთიერთობები ოჯახში? - რესპონდენტთა 54.9%-მა აღნიშნა, რომ  აუმჯობესებს ჯანმრთელობას, 34.8% თვლის, რომ არ მოქმედებს ჯანმრთელობზე, ხოლო 9,7% თვლის, რომ აუარესებს ჯანმრთელობას.

გამოკვლევისას გამოვიყენეთ მ. როკიჩის ტესტი. როგორც ცნობილია, ღირებულებების გაზომვის პირველ წარმატებულ მცდელობად მიიჩნევენ როკიჩის მიერ შექმნილ ინსტრუმენტს. იგი დაეყრდნო ღირებულებების როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური მოვლენის გაგებას და ისინი განსაზღვრა როგორც ზოგადი მრწამსები, რომლებსაც აქვთ როგორც მოტივაციური, ისე შეფასებითი, პრესკრიპტული და პროსკრიპტული ფუნქცია და რომლებიც განსაზღვრავენ ქცევებსა და ატიტუდებს. მ. როკიჩმა ღირებულებები დაყო ორ ძირითად ჯგუფად: 1. ტერმინალური, რაც არის არსებობის საბოლოო მდგომარეობა, ის მიზნები, რისი მიღწევაც სურს ადამიანს თავისი სიცოცხლის მანძილზე.  2. ინსტრუმენტული, რაც ნიშნავს ქცევის სასურველ მანერას ან ტერმინალური ღირებულებების მიღწევის საშუალებებს. მან ასევე მიუთითა ღირებულებათა იერარქიულ ხასიათზე და მიუთითა მათი რანჟირების შესაძლებლობაზე.

გამოკვლევამ უჩვენა, რომ ტერმინალურ ფასეულობებში ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებას აღნიშნავს რესპონდენტთა 28.9%, სიყვარულს _ 4.4%, ჯანმრთელობას _ 17.5%. პიროვნების ძირითადი ფასეულობით ორიენტაციაში გამოკითხულთა 9,4%-სათვის მნიშვნელოვანია ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, 7.2%-სთვის _ სიყვარული, ხოლო ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია 14.2%-სათვის. 

დასკვნა

კვლევის შედეგების მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობის მიმართ განწყობებზე, თვითმოვლითი ქცევის ინდიკატორებზე გავლენას ახდენს რესპონდენტთა სქესი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანმრთელობის, როგორც უმთავრესი ფასეულობის ადგილი ფასეულობათა სისტემაში.

ამდენად, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ახალგაზდული პოლიტიკის გაძლიერება ახალგაზრდებისათვის სოციალური გარანტიების შექმნის მიმართულებით; ახალგაზრდების  ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვის მიზნით აუცილებელია ადვოკატირება სამთავრობო და საკანონმდებლო დონეებზე. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში. 2014. UNICEF.

2. მენაბდიშვილი ლ., 2017. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სტუდენტებში. „დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომების კრებული.

3. მოზარდთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობა საქართველოში 2015. NCDC.

4. სულაბერიძე ა. 2017. ახალგაზრდების მოკვდაობის ტენდენციები 2000-2015 წლებში საქართველოში. „დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები". ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის შრომების კრებული.

5. სუმბაძე ნ., 2012. თაობები და ღირებულებები. საზოგადოებრივ პოლიტიკური ურთიერთობები. თბილისი.

6. ყაზახაშვილი ნ., მანჯავიძე თ.,  ფიცხელაური ნ., იმნაძე პ., ჩიხლაძე ნ., 2017. ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და სტუდენტთა სამედიცინო დაზღვევა საქართველოში.

7. Tsuladze G. 2016. Demographic Yearbook of Georgia 2015. Tbilisi.

8. Improving young people’s health and wellbeing-A framework for public health-Public Health England, 2014.

9. Young People’s Health Care: A National Imperative, NIHCM-National Institute For Health Care Management, 2006

10.  Being young in Europe today, Young People migration and socioeconomic situation- Eurostat,

http://ec.europa.eu/eurostat

11. Беляева Л. А. Уровень и качество жизни. Проблемы измерения и интерпретации// Социологические исследования. 2009. №1. С. 36-37.

12 Кирилюк О. Г. 2007. Социальная ценность здорового образа жизни студенческой молодежи в современном  обществе. с. 11-12.

13. Самыгин С.А., Верещагина А.В., Колесникова Г.И. 2012. Социальная безопасность. М.

14. http://epp.eurostat.ec.europa.eu/portal/page/portal/youth/introduction